ნათია მეზვრიშვილი: გახარიას გარეშე დარჩენილ „ოცნებას” უჭირს პასუხისმგებლობის აღება

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა

„ამ საკითხს 2 განზომილება აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური. სუს-ის ხელმძღვანელს რომ პრემიერ-მინისტრი წარადგენს არაფერს ნიშნავს, ცვლილებები იმიტომ განხორციელდა, რომ ეს უწყება დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებულიყო, ის ინსტიტუციურად რეალურად დამოუკიდებელია და პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. რასაც ვხედავთ – პრობლემა პარლამენტის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მხრივ დგას. ეს ადამიანი პარლამენტის წინაშე არ მიდის და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, პირველ რიგში უნდა დადასტურდეს ეს ფაილები იყო თუ არა ავთენტური.

„ეს არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პირველ რიგში უნდა დადასტურდეს ეს იყო თუ არა ავთენტური. ვიღაცეებმა, მათ შორის მეც დავადასტურე – ვნახე ჩემი საუბარი ერთ-ერთ სასულიერო პირთან და ვადასტურებ ავთენტურობას – ვიღაცეებმა არ დაადასტურეს. პროკურატურამ ნება უნდა იბოძოს და ეს ყველაფერი გამოიძიოს, იმის მიუხედავად, რომ ამ უწყებების მიმართ ნდობა უკვე ნულს ქვევითაა, ამიტომ მოვითხოვეთ საერთაშორისო ექსპერტების და სახალხო დამცველის ჩართვა, რომ გამოძიებამ ნდობის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. მეორე – რა თქმა უნდა ხელისუფლებამ უდნა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს ყველაფერი ხელიდან ხელში გადადის – რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს მინიმუმ ეს უნდა აწუხებდეს. იმ პირობებში როცა ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, ის რაც ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თემაა, საგარეო საფრთხეების კუთხითაც უნდა შევხედოთ.

ძალიან თამამად ვიტყოდი – გახარიას გარეშე დარჩენილ „ოცნებას”, ძალიან ხშირად უჭირს რიგ საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ გვახსოვს, იყო ბევრი მძიმე შემთხვევა, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა ყოველთვის აგვიღია და ამაზე ძალიან თამამად გვისაუბრია – იქ სადაც პრობლემა იყო გვიღიარებია, გამოვსულვართ და ამის მოგვარების გზები საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ერთად დაგვისახავს. „ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელები – რეალურად ცდილობენ დამნაშავე ეძებონ სხვაში და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება. იმ პირობებში, როცა ამ ადამიანებს კომპეტენციის პრობლემა აქვთ, ელემენტარულად მართვის პრობლემა აქვთ – სახელმწიფო ვერც ერთი მიმართულებით ვერ იმართება და ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერ გვაჩვენა – ეს განსაკუთრებით არის გამოკვეთილი, რომ დამნაშავე ეძებონ სხვაში – იქნება ეს გახარია, იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, ვინმე სხვა – მთავარია არა თავად ეს ხალხი.“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.