2 ოქტომბერს, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ

არჩევნების დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტესტირება 2 ოქტომბრის, დილის 08:00 საათიდან, 3 ოქტომბრის, დილის 06:00 საათამდე, იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მათივე ცნობით, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.