მამუკა ხაზარაძე სააკაშვილზე – მისი ჩამოსვლით „ლელოსთვის“ არაფერი იცვლება, მაგრამ „ოცნების“ წისქვილზე წყალს ასხამს

„ლელო – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლით „ლელოსთვის“ არაფერი იცვლება და ისინი არჩევნებისთვის მზადებას აგრძელებენ.

როგორც ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სააკაშვილი გადაწყვეტილებას იღებს „რომ ჩამოვიდეს და მისივე შექმნილ და მერე „ოცნებაზე“ გადაბარებულ მართლმსაჯულებას ჩაბარდეს“.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

„ლელოსთვის“ არაფერი იცვლება, მითუმეტეს არჩევნების შემდეგ ჩამოდის, არჩევნებამდეც რომ ჩამოსულიყო, არაფერი შეიცვლებოდა. მე თუ ვაფასებდი „ნაციონალურ მოძრაობას“, ვაფასებდი, რა გაკეთდა კარგი და რა ძალიან ცუდი, რომელმაც ის კარგი გადაფარა – ყოველთვის ასეთი პოზიცია მქონდა. სააკაშვილთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება იცით. ვერ წარმომიდგენია პრეზიდენტი, რომელიც თავის მოქალაქეობას იცვლის, რანაირი ხიფათიც არ უნდა გემუქრებოდეს. მისი გადასაწყვეტია, როდის ჩამოვა, ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩამოვიდეს და მისივე შექმნილ, მერე „ოცნებაზე“ გადაბარებულ მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. კი ბატონო, ასეთია დღეს მოცემულობა. ერთადერთი ვიცი, რომ ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება. „ლელო“ ვაგრძელებთ არჩევნებისთვის მზადებას. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ და ამომრჩეველს დავანახოთ ალტერნატივა. სააკაშვილის ეს განცხადება „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს”, – განაცხადა ხაზარაძემ.