აშშ-მა და ევროკავშირმა მიანიშნეს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება დესტაბილიზაციის წყარო, თუმცა ამაზე დიდი დარდი არ მოგვიწევს, რადგან ისევე არ ჩამოვა, როგორც 18-ჯერ არ ჩამოვიდა – ლევან იოსელიანი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ცალსახად მიანიშნეს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნება დესტაბილიზაციის ერთ-ერთი წყარო, თუმცა ამაზე დიდი დარდი არ მოგვიწევს, რადგან საქართველოში არ ჩამოვა და ეს ყველაფერი არის წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ბილეთის დაჯავშნა წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.

„როგორც 18-ჯერ არ ჩამოვიდა, ისე არ ჩამოვა. ბილეთის ჯავშანიც და ეს ყველაფერი ემსახურება წინასაარჩევნოდ სიტუაციის უფრო დაძაბვას, პოლარიზებას და მომხრეების გაგულიანებას. სინამდვილეში, საპირისპიროს აკეთებს, ახდენს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კონსოლიდაციას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ საქართველოში არ ჩამოვა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.