პირველად ვნახე სუს-ი დამნაშავეს ატყობინებდეს, ვიცით და გითვალთვალებთო – ნიკა სიმონიშვილი გვარამიას საქმეზე

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება.

მისი თქმით, უწყებამ რამე თუ იცის, ჟურნალისტების შეშინების ნაცვლად, საქმე უნდა გააკეთოს.

,,პირველად ვნახე, უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ დამნაშავეს ატყობინებდეს, ვიცით, დანაშაულის ჩადენას რომ აპირებ და გითვალთვალებთო. ამ ქვეყანაში თვალთვალი აღარ გვიკვირს, მაგრამ რამე თუ იცით, ტელევიზორში კი არ უნდა ილაპარაკო, საქმე უნდა გააკეთო, დამნაშავე დაიჭირო და ჟურნალისტები არ შეაშინო” – წერს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია სუს-ში დღეს, 30 სექტემბერს დაიბარეს – საქმე მასზე დაგეგმილ შესაძლო ტერორისტულ აქტს ეხება. უწყების დატოვების შემდეგ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს და კონკრეტული ახალი ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ მედიასთან თქვა, რომ საფრთხე რეალურია, ნიკა გვარამიას გარდა ტერორისტულ აქტს სხვა ჟურნალისტზეც გეგმავენ.