მედიაზე ზეწოლას რაც შეეხება, ყველაფერი იქნება ასახული საბოლოო ანგარიშში – მარინა კალიურანდი

მედიაზე ზეწოლას რაც შეეხება, ყველაფერი იქნება ასახული საბოლოო ანგარიშში  – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ,,ტვ ფორმულას” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ განაცხადა.

,,საქმის დეტალები არ ვიცი, ამიტომ ვერ ვისაუბრებ ამ საკითხზე. მედიაზე ზეწოლას რაც შეეხება, ყველაფერი იქნება ასახული საბოლოო ანგარიშში. ევროპარლამენტს დამკვირვებლები რამდენიმე ქვეყანაში აქამდეც გაუგზავნია. ახლა ეს არაა გამონაკლისი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ ევროპას საქართველოსთვის ზურგი არ უქცევია, ევროპა აქაა და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ვიდრე საქართველო ახორციელებს რეფორმებს და ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს ევროპასთან. სწორედ ამიტომ ვართ აქ და ვაფიქსირებთ სრულ მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმებისადმი” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ, თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.