თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ,,ფორმულას” – დღეს ,,ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე არის მედია – ელენე ხოშტარი

თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ,,ფორმულას” – დღეს ,,ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე არის მედია – ამის შესახებ პარტია ,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ,,ფორმულას” ეთერში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანას.

ხოშტარიას თქმით, დღეს ჟურნალისტებზე გადის ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლება.

,,სოლიდარობა ,,ფორმულას” და მის ყველა ჟურნალისტს. დღეს მე ვისმენდი მათ განცხადებებს და ნამდვილად ძალიან საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანას ყავს ასეთი ჟურნალისტები, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ფასად უწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და ინტერესების დაცვა. ვუყურებდი და ყოველ წუთიერად ივსებოდა მედია ,,ფორმულას” მხარდაჭერისა და სოლიდარობის განცხადებებით, ეს ასეც იქნება. არავინ იფიქროს, რომ ,,ფორმულა” ან ნებისმიერი მედია იქნება მარტო ამ გამოწვევის წინაშე, თუ საჭირო იქნება ფიზიკურადაც დავიცავთ ამ ტელევიზიას. დღეს ჟურნალისტებზე გადის ამ ქვეყნის ყველა მოქალაქის თავისუფლება.

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით რაც მოვისმინეთ ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიცით, რომ სუს-ს არ არის არანაირ უსაფრთხოებასთან კავშირში, მათ არ აინტერესებთ ეროვნული ინტერესები. ერთადერთი რაც აინტერესებთ, ესაა პოლიტიკური არეულობა, სიძულვილი, მოსმენები, ადამიანების დაშინება. დღეს მედია არის ,,ქართული ოცნების” მთავარი სამიზნე. ყველაზე დიდ დისკომფორტს მათ ხელიფულების მიტაცებაში უქმნის მედია” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.