ჩემი აზრით აუცილებლობაა მშვიდობიანი, ოღონდ მწვავე პროტესტის, რომელიც აუცილებლად იქნება – გიგა ბოკერია

ჩვენნაირი ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს,ჩემი აზრით აუცილებლობაა მშვიდობიანი, ოღონდ მწვავე პროტესტის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიული პროცესის აუცილებელი ნაწილია.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პროტესტი აუცილებელი ნაწილია დემოკრატიული პროცესის. აუცილებლად იქნება. რა შედეგიც არ უნდა ყოფილიყო წინ არჩევნებზე ან იქამდე, საუბარი იმაზე, რომ პროტესტი, იგულისხმება მშვიდობიანი დემონსტრაციები, გახდება საჭირო თუ არა, საერთოდ არარელევანტური უნდა იყოს. დალაგებულ ქვეყნებშიც კი, სადაც მსგავსი პრობლემები არ არის, პროტესტი და დემონსტრაციები არის განუყოფელი ნაწილი დემოკრატიული გამოხატვისა. ჩვენნაირი ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ათწლეულებით საფრთხეს უქმნის, აქ ჩემი აზრით აუცილებლობაა მშვიდობიანი, ოღონდ მწვავე პროტესტის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვა, მაშინ ეს „რეჟიმის დასასრული“ იქნება, თუმცა ოპოზიციის მთავარი მიზანი ახლა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა.

„ბევრჯერ მომისმენია, რატომ არის სულ 2 000 კაცი, 3 ან 4, თუ ვითარება მივა იმ ზღვრამდე, რომ ათობით ათასი ადამიანი კვირების განმავლობაში ქუჩაში იქნება ეგ უკვე დასრულებაა რეჟიმის, ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ აქამდე მივიდეს საქმე, ჩვენ არჩევნების გზით გვინდა შეცვლა.

საარჩევნო ხმა არის ყველაზე ძლიერი ამბავი ახლა და არ გვჭირდება ჩვენ იანუკოვიჩის სცენარი, თუ მოქალაქეები გამოიყენებენ თავის ძალას და მშვიდობიანად იმხელა დარტყმას მიაყენებენ რეჟიმს ამ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც მეტია, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები, რომ ვერ დააიგნორებს ამ შედეგს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.