ვიოლა ფონ კრამონი – საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის გამო – უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ამჟამად ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება. ამასთანავე, როგორც ევროდეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, ეს საკითხი არც უნდა წამოწეულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვის მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო.

„ეს საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება და ვფიქრობ, ეს დებატები საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო. ამასთანავე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის გერმანიის იდეა, მე ვიცი, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებს აწუხებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო გერმანიის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიოლა ვონ კრამონმა.

ცნობისთვის, „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.