თეა წულუკიანი: სააკაშვილი უკვე დიდი ხანია 18 წლის გახდა და 50 წელსაც გადააბიჯა, მაგრამ ის მუდმივად წინ იფარებს ხანდაზმულ დედას

ჩვენ მართლაც ვიხილეთ ბილეთი და ვფიქრობ, ძალიან კარგია, თუ ამჯერად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დააფასებს თავის ამომრჩეველს და დაბრუნდება საქართველოში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი უკვე დიდი ხანია 18 წლის გახდა და 50 წელსაც გადააბიჯა, მაგრამ ის მუდმივად წინ იფარებს ხანდაზმულ დედას.

„ეს ჩემში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებას იწვევს და იმ ადამიანს, რომელსაც ერის მამად წარმოუდგენია თავი, ალბათ უფრო მეტი ღირსება მართებს თუნდაც საკუთარ მშობელთან მიმართებაში. ამ ადამიანის მუდმივად წინ აფარება ჩემთვის არ არის დიდად სანაქებო საქციელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუ სააკაშვილი მართლაც გადმოლახავს საჰაერო საზღვარს, მას აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავებენ, როგორც ძებნილ პირს. „ამისთვის არსებობს გაწერილი პროცედურები. თუ ის შეიცვლის აზრს და შემოვა სახმელეთო გზით, იქ მოხდება მისი დაკავება“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.