პოლიტიკა

კახა კუჭავა – არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ეს არის რეალობა და უნდა შეეგუოს ყველა

ოპონენტების აქცენტი კეთდება 3 ოქტომბერზე და არა არჩევნებზე. რომ შევადაროთ როგორ ატარებდნენ მანამდე საარჩევნო კამპანიას თბილისსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამას ადგილი არ ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აქცენტს აკეთებს „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე და არა წინასაარჩევნო დაპირებებზე.

„ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნების“ გზა, როგორც გვინდოდა, რომ გვეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, ნამდვილად შედეგს გამოიღებს 2 ოქტომბერს. ეს არის ორიენტირებული იმ დაპირებებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, რადგან ნურავის დაავიწყდება, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები. რასაც ვერ ვხედავთ ოპონენტების მხრიდან, – შემდეგ გაუკვირდებათ, რატომ ვერ იქნებიან წარმატებულები. ერთია, რომ შეეცადო ხმების მიღებას, დაპირებებიდან კონკრეტული პროექტებზე, ამა თუ იმ რეგიონზე ისაუბრო, მეორე, -სცადო ხალხის მობილიზება არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის, რასაც ადგილი აქვს ოპონენტების მხრიდან. მათი აქცენტი კეთდება 3 ოქტომბერზე და არა არჩევნებზე. რომ შევადაროთ როგორ ატარებდნენ მანამდე საარჩევნო კამპანიას თბილისსა და სხვა ქალაქებში, დღეს ამას ადგილი არ ჰქონდა. დღეს მაქსიმალურად იყო მობილიზება „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, არა ის, რა შემიძლია გავაკეთო, რომ ამირჩიო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც თუკი მმართველი პოლიტიკური პარტია 43%-ს ვერ აიღებს, რაც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით იყო განსაზღვრული, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

„აბსოლუტურად მიუღებელია ამას რეფერენდუმი დავარქვათ, საუბარია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. არ შეიძლება ასეთი ფორმით აწარმოო კამპანია და შემდეგ გიკვირდეს, რატომ არ ხარ წარმატებული, რატომ არ დაგიჭირეს მხარი. არ არის ეს რეფერენდუმი, ვერ იქნება ეს ფიზიკურად რეფერენდუმი. შეიძლება სურვილი ჰქონდეთ, ასე გაყიდონ მათ ეს პოზიციები, მაგრამ საუბარია მერებისა და საკრებულოს წევრების არჩევნებზე.

არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ამ არჩევნების შემდეგ საქმიანობას, ეს იქნება პარლამენტი თუ ახლად არჩეული მერი და საკრებულოს წევრები, – ეს არის რეალობა და ამას უნდა შეეგუოს ყველა. დარწმუნებული ვარ, რომ 43%-ზე მეტს ავიღებთ და საერთოდ არ იქნება ამის საჭიროება 2 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.