ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, არის სრული ჭეშმარიტება, სააკაშვილის ვიდეო ძველი არ არის

მიხეილ სააკაშვილმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, არის სრული ჭეშმარიტება, სააკაშვილის ვიდეო ძველი არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, ხმების დაცვა და ოლიგარქიის დამარცხება.

ამასთან, დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს არის ჩამოშლილი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, რომ ხვალ მივდივართ არჩევნებზე, ვხაზავთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს, ვიფორმებთ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, არის სრული ჭეშმარიტება, მისი მთავარი ამოცანაც არის, დავიცვათ ხმები და საბოლოოდ დავამარცხოთ ოლიგარქია. ეს არის გარდაუვალი და გარდაუვალია საქართველოს გამარჯვება. ამაში დარწმუნებული ვარ. ხედავთ ახლა, რა ხდება ქუთაისის შტაბში.

სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო ძველი არ არის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ეს როგორ უნდა იყოს ძველი. ჩემს ძვირფას მოქალაქეებს და მეგობრებს მინდა, ვუთხრა, არ მოუსმინოთ კობახიძეს, „ქართული ოცნება“ არის ჩამოშლილი თავიდან ბოლომდე. როგორ უნდა დაემუქროს მიხეილ სააკაშვილს კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან პატიმრობა. კარგით რა. ზიზღი და აგრესია უნდა დასრულდეს. ხვალ გამარჯვება უნდა გავიფორმოთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.