სააკაშვილის ვიდეო თავიდან „დიფ ფეიკის” ტექნოლოგია გვეგონა, თუმცა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და გვეტყვიან პასუხს – ირაკლი კობახიძე

არის შიდა ბრძოლები იმასთან დაკავშირებით, ვინ მიიღებს 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაჭერა კიდევ ცოტა ხნით გადაიწევს.

„ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. შეიძლება, ეს ცუდიც არის, რადგან როდესაც ხალხმა გაიგო იმის შესახებ, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. ძალიან ბევრ რამეს ვეყრდნობი და ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ის არის კლოუნი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას მაინც მოვუწოდებ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ, რათა ეს კლოუნადა დასრულდეს, 25 პროცენტიც არ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა დიფ ფეიკის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია. უმარტივესად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გვეტყვიან ამაზე პასუხს. უმარტივესი ფეიკია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.