ერთი მხრივ, ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც შეპყრობილია რევანშის წყურვილით და მასკარადებს მართავს ქვეყანაში და მეორეს მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურად დაბნეულ ხელისუფლებას, რომელიც წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს – ლევან დოლიძე

„ჩვენ სამწუხაროდ ვეღარ ვსაუბრობთ ხელისუფლების არაეფექტიან მმართველობაზე ან სისუსტეზე – ჩვენ ვსაუბრობთ აბსოლუტურ უმართაობაზე. ქაოსის გარდა ამ ყველაფერს ვერაფერს ვუწოდებთ,“ – ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან დოლიძე ქვეყანაში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

„ერთი მხრივ, ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც შეპყრობილია რევანშის წყურვილით და მასკარადებს მართავს ქვეყანაში და მეორეს მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურად დაბნეულ ხელისუფლებას, რომელიც წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ნაწილი ადასტურებს მის თბილისში ყოფნას თუ საქართველოში ყოფნას – მეორე ნაწილი ზოგადად თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას და ამ თემაზე საუბარს. პირველ რიგში, ეს ეხება იმ ლიდერებს, რომლებიც მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები არიან.“ – ამბობს დოლიძე.

ლევან დოლიძე მიმდინარე მოვლენებს მძიმე საყურებლად აფასებს ხელისუფლების მხრიდან უუნარობის ჩვენების ფონზე. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ასეთი სახელმწიფოს ხილვას მოქალაქეები არჩევნებზე ხვალ შეაფასებენ.

„სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებით კითხვა კი არა მაქვს, ძალიან მკაფიო შეფასება მაქვს იმ დაბნეულობაზე და უსუსურობაზე, რასაც ვხედავთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს პასუხი გაეცეს ხვალ არჩევნებზე!.

ეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ ქვეყნის პრობლემა პოლიტიკაში არის არა პარტიებს შორის ძალთა ბალანსის შეცვლა, არამედ ის მასკარადი, რომელსაც ქმნიან ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა და მეორეს მხრივ პარტია ოცნება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის მონაცვლეობა კი არ უნდა მოხდეს – უნდა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო, პოლიტიკაში ქცევის წესი – იმისთვის, რომ არ გქონდეს პოლიტიკური მასკარადი, რომელსაც ერთობლივად ქმნიან ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა და ოცნება. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, განსაკუთრებით როდესაც მმართველი პარტია წარმოუდგენელ განცხადებებს ავრცელებს და მთელს ქვეყანას აჩვენებს, რომ სრული ქაოსი და დაბნეულობაა შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებში!“ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.