მინდა, მივულოცო ჩვენს პროკურატურასა და სასამართლოს, ვინაიდან დღეს იზეიმა ქართულმა კანონმა – წულუკიანი სააკაშვილის დაკავებაზე

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილის დაკავებით საქართველოს თანამედროვე ისტორიაში იშლება მორიგი ფურცელი, რომელიც იყო სხვადასხვა ბნელი ფერით სავსე და ახლა დაიწყება მუშაობა ქვეყნის განვითარებაზე.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს სამართალდამცველებს წარმატებული დაკავების ოპერაცია, მივულოცო ჩვენს პროკურატურასა და სასამართლოს, ვინაიდან დღეს იზეიმა ქართულმა კანონმა. მართალია, რამდენიმეწლიანი გაჭიანურებული პროცესებისა და პროცედურების შემდეგ, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ სამართლიანობის აღდგენა ეზეიმა არაერთ დაზარალებულს და დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს. დღემდე ეს ხალხი ითხოვდა სამართალს, ამიტომ პირველ რიგში მათზე ვფიქრობ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამით საქართველოს თანამედროვე ისტორიაში იშლება მორიგი ფურცელი, რომელიც იყო სხვადასხვა ბნელი ფერით სავსე და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ქვეყნის განვითარებაზე მშვიდად და წყნარად“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.