ცესკო-ს პრესსპიკერი: 15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება

15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში შესულია 175 საჩივარი, მათი უმეტესობა ეხება პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

„დღეს ასევე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24,3 % დილის 08:00 საათვისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. ჩვენ დილიდან წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და უკვე დილის 08:30 სთ-ზე გაცნობეთ, რომ კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 საათზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წთუთის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა – ერთი უბანი, კრწანისი – ორი უბანი, ვაკე – სამი უბანი, დედოფლისწყარო – ერთი უბანი, ხობი – ერთი უბანი, მარტვილი – ერთი უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3 664 უბნის 24.3% პროცენტი.

ამავე ორგანიზაციის განცხადებით ზუგდიდის # 90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს. ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.