ხატია დეკანოიძე – ქუთაისში, ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ოპოზიციურად განწყობილია, ჩააქრეს ელექტროენერგია – არაფერი გიშველით, წაგებული გაქვთ არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ყველაზე დიდ საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.

როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნებს ბოლომდე დაიცავენ და თუ 20 წუთში ელექტრომომარაგება არ აღდგება, გამანაწილებელ სადგურში პირადად მივა.

„მთელ საქართველოში, მათ შორის ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წაგების აგონიის გამო რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ყველაზე დიდ უბნებში, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად განწყობილია, ჩააქრეს ელექტროენერგია. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო დავალებას ასრულებს, ვერ გიშველით ელექტროენერგიის ჩაქრობა, ადამიანების გამწარება, ჩვენ ვდგავართ უბნებზე, დავიცავთ უბნებს ბოლომდე.

მინდა გავაფრთხილო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, არც თქვენ გიშველით არაფერი, წაგებული გაქვთ არჩევნები და ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. მოდით რეფერენდუმზე, მობრძანდით გამარჯვების გასაფორმებლად. ჩვენ დავიცავთ უბნებს. არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ მოიპარონ და გააყალბონ ეს არჩევნები. 40 წუთი დარჩა საბოლოო გამარჯვების გაფორმებამდე.

თუ უბნებში ელექტროენერგია არ აღდგება, დაახლოებით 20 წუთში ჩავალ გამანაწილებელ სადგურში და დაველაპარაკები პირებს, ვინც პასუხისმგებლები არიან უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებით შუქის ჩაქრობაზე. არ გიშველით არაფერი. მოდით, მეგობრებო, გაიფორმეთ გამარჯვება!“,- განაცხადა დეკანოიძემ.