ადვოკატი ანი კეკენაძე: ვინც გუშინ ხმა მისცა სიბნელეს, შიმშილს, რუსეთს, არ გამეკაროთ – თქვენ გაყიდეთ საქართველო

„ვინც გუშინ ხმა მისცა სიბნელეს, შიმშილს, რუსეთს, უპერსპექტივობას და უბედურებას გეუბნებით და გაფრთხილებთ, არ გამეკაროთ და არ გაბედოთ ჩემთან სხვადასხვა თხოვნებით მოწრუწუნება”, – ასე ეხმიანება „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” იურისტი და ადვოკატი ანი კეკენაძე რუსთავის მერობის არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ 44,83 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით კირკიტაძემ კი 43,53 % მიიღო.

როგორც კეკენაძე აღნიშნავს, ნინო ლაცაბიძის შედეგი წარმოუდგენელია და კირკიტაძე გაცილებით მეტს იმსახურებდა, აღნიშნული შედეგი კი საქართველოს გაყიდვის ტოლფასია.

„თქვენ გაყიდეთ საქართველო, თქვენ გაყიდეთ ჩვენი და თქვენი შვილების მომავალი, განვითარებულ და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრების იმედი.

50 ლარზე გაყიდულო უსირცხვილო,უღირსო, საზოგადოებავ, თქვენი ვიწრო პირადი ინტერესების გამო არ ვაპირებთ ვიცხოვროთ იმ ჯოჯოხეთში, რაც 9 წელია ხდება და რამაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაანგრია და მიწასთან გაასწორა!

გონს მოდით და ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაფიქრდით, გაიაზრეთ რეალობა და სანამ გვიანი არააა დადექით თქვენი ქვეყნის მომავლის და განვითარების მხარეს!,” – აცხადებს ადვოკატი ანი კეკენაძე.

ამასთან, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე დავით კირკიტაძეს მხარდაჭერას უცხადებს და თავის მხრივ, განცხადებას ავრცელებს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მას რუსთავის სჯეროდა და იცოდა, რომ იქ ღირსეული შედეგი დადგებოდა.

„ვიცოდი და მჯეროდა, რომ რუსთავი თავს არ შეირცხვენდა და მედროვე ლაცაბიძის მარჯვენა, მარცხენა ხელს ლექსო დალაქიშვილს მხარს არ დაუჭერდა.

ბოლომდეა საქმე მისაყვანი.

ალექსანდრე დალაქიშვილმა რუსთაველი ხალხი გადაკიდა ერთმანეთს პოლიტიკური მოტივით, ის აღვივებს შურს და ზონდერობს რუსთავის მოსახლეობაზე, თუმცა ფაქტია – ძალადობა, მედროვეობა და მლიქვნელობას არ შეეგუება მოსახლეობა და მეორე ტურში გასცემს პასუხს მას და მისნაირებს!” – აღნიშნავს კობაიძე.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.