ENEMO-ს წარმომადგენელი: ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სოფლებში შენიშნეს პარტიული აქტივობები – ამომრჩეველზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას

წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციითა და პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ, – ამის შესახებ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) წარმომადგენელმა, დრიტან ტაულამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას.

„კამპანია ქვეყანაში გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით, ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების, მოქალაქეებისა და მათი თემის საჭიროების შესახებ დისკუსიასა და წინადადებების წამოჭრას. ამომრჩეველზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას. არჩევნები ჩატარდა ეფექტიანად და გამჭვირვალედ. უბნებზე ატმოსფერო უმეტესად მშვიდი იყო, თუმცა ENEMO-ს, ანუ ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სოფლებში შენიშნეს პარტიული აქტივობები უბნებზე.

არჩევნები ჩატარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის კულმინაცია მოხდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციითა და პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ.

მისიის განმავლობაში ჩვენი მისიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ სხვადასხვა აქტორის წარმომადგენლებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ითანამშრომლა ჩვენთან ამ მისიის ფარგლებში. რაც შეეხება ჩვენს შემდეგ გეგმებს, ძირითადად დისტანციურად მივადევნებთ თვალ-ყურს განსაკუთრებით ვფოკუსირდებით საჩივრებზე, მეორე რაუნდს რაც შეეხება, მეორე რაუნდს ამ ქვეყნიდან ვერ დავესწრებით დისტანციურად მივადევნებთ თვალს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს დონორს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეს მისია. ეს მისია განხორციელდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დახმარების ფარგლებში და ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს ანგარიშებში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს დონორის მოსაზრებებს“, – განაცხადა დრიტან ტაულამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იქონია თუ არა რაიმე გავლენა არჩებნებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ, ENEMO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა: „ჯერ რასაც თვალყურს ვადევნებთ, ვერ ვხედავთ, რომ ამ მოვლენამ რაიმე განსაკუთრებული გავლენა იქონია არჩევნებზე და ეს გვაქვს მითითებული ჩვენს წინასწარ მიგნებებში, თუმცა დღეს არ გაგვიჟღერებია, რომ გამოვაქვეყნებთ ჩვენს ანგარიშს იქ იქნებ მითითებული“.