მერი არჩეულად ითვლება მაშინ, თუ მას მხარს დაუჭერს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი

მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ საკრებულოს წინაშეც. ის შეიმუშავებს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს, ასევე წარუდგენს დეპუტატებს გადასახადებზე და მოსაკრებლებზე მომზადებულ გადაწყვეტილებებს, ათანხმებს მათთან მუნიციპალური ქონების საკითხებსაც, თუმცა საკადრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. თბილისის გარდა, ყველა სათემო მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში მერი თვითონ ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი სამსახურების ხელმძღვანელებს.

საკრებულოს დეპუტატებისგან განსხვავებით, მერის ასარჩევად, რომელიც 25 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ხმების უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის. ის არჩეულად ითვლება მაშინ, თუ მას მხარს დაუჭერს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი. თუ პირველ ტურში მერობის ვერცერთი კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ აგროვებს, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებისგან მეტ ხმას დააგროვებს.

მერმა თანამდებობა შეიძლება დაკარგოს იმპიჩმენტის ან უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში. უნდობლობის პროცედურა მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს, როგორც საკრებულოს დეპუტატების, ისე ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის ინიციატივით. იმპიჩმენტის საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს, მაგრამ კანონში არაფერი წერია იმაზე, თუ რა შეიძლება გახდეს მის მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყების საფუძველი.

თბილისის მერს სხვა მერებისგან ის გამოარჩევს, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს უმეტესწილად დამოუკიდებლად ვერ იღებს. დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას თბილისის საკრებულო ამტკიცებს. კაბინეტის წევრების რაოდენობას და ზოგადად მერიის სტრუქტურულ მოწყობას კი არა კანონი, არამედ მერიის დებულება და საკრებულოს დადგენილებები არეგულირებს. ამიტომ თბილისის მთავრობის წევრების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ის შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რეორგანიზაციაზე მიღებული გადაწყვეტილებით. თბილისის მთავრობის წევრები საქალაქო სამსახურის უფროსები და თბილისის 10 რაიონის ხელმძღვანელები (გამგებლები) არიან.

მერები, მათი მოადგილეები და საკრებულოს თანამდებობის პირები პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებიან.