მელიქიშვილის 10 ნომერში ისტორიული შენობა დანგრეულია! (ვიდეო)

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელების” განცხადება:
თბილისის მერიის უპასუხისმგებლობის მორიგი შედეგი – მელიქიშვილის 10 ნომერში ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შენობა (ყოფილი ტუბერკულოზის დისპანსერი) დანგრეულია.
1929-30-იან წლებში აშენებული ობიექტი, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა, სამშენებლო კომპანია M2-მა („ემ კვადრატი“) მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაანგრია.
M2-მა არ შეასრულა აღებული ვალდებულება შენობის „არსებული დეტალების კონსერვაციისა და დაშლა-აწყობის“ ანუ პირვანდელი იერსახის შენარჩუნების შესახებ. ისტორიული შენობის ადგილას  სამშენებლო კომპანია სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების 11 სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს.
აღნიშნულ პროექტზე არქიტექტურის სამსახურმა თანხმობა 2017 წლის იანვარში გასცა. მიუხედავად პროტესტისა, მერიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობოების, აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნები და შენობას არ მიანიჭა ძეგლის სტატუსი, არ შეაჩერა უკანონო დემონტაჟი.

ამ ისტორიული შენობის დანგრევის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დედაქალაქის მერიისთვის მთავარია კონკრეტული დეველოპერული კომპანიების მადის დაკმაყოფილება და არას დაგიდევთ არც კულტურულ მემკვიდრეობას და არც ქალაქის იერსახეს. ასეთია ზოგადად ხელისუფლების ურბანული პოლიტიკა დედაქალაქში, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელებას.
ეს დამოკიდებულება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური მონაწილეობით. ჩვენ, ყველამ ერთად მხარი უნდა დავუჭროთ ცვლილებებს, მხარი უნდა დავუჭიროთ ისეთი მერის და საკრებულოს წევრების არჩევას, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან უპირველეს ყოვლისა ხალხის წინაშე და იხელმძღვანელებენ საზოგადოების და არა მმართველი ელიტის თუ ბიზნეს-დაჯგუფებების ინტერესებით.