მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწორიებს, რომლებიც ფოთის ტერმინალის თანამშრომლები არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღინისიძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა.

პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა – შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში.

პროკურორი დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა, რის გამოც, მათ მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

დაკავებულების ადვოკატის გიორგი გოგინავას განცხადებით, წოწორიების მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა ვერ ადასტურებს, დაკავებულების მხრიდან სამართლებრივი ორგანოების მიმართ ხელისშეშლა რაში გამოიხატა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.