შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც 15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები“ დაიწყება – ამირან გამყრელიძე

ვფიქრობთ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გავმართოთ იმუნიზაციის მარათონები და ე.წ. კვირეულები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

„ეს არის ძირითადად სოფლები სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. ასევე დამატებით თბილისიდან იქნება გაგზავნილი დამატებითი ჯგუფები. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. 68 სოფელი მოიცავს 250 ათას მოსახლეს. სამიზნედ ვიღებთ 60%-იან მაჩვენებელს, რომელზეც სამი კვირის განმავლობაში გავალთ. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული, თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2 ათას ადამიანს აღემატება. ჩვენი მიზანია მოვიცვათ დაახლოებით 3,5 ათასამდე დასახლებული პუნქტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ იმუნიზაციის მარათონები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. „ამ პროცესში ჩართული იქნება თითოეული სოფლის რწმუნებული, ექიმი, ექთანი და ამ სოფლებს ეყოლება იმუნიზაციის ოფიცერი, ე.წ. აგიტატორი რომელიც ივლის კარდაკარ და ყველა ადამინს აუხსნის აცრის მნიშვნელობას და მოიწვევს ასაცრელ პუნქტებში. რეგიონებში იქნება როგორც სტაციონარული ასაცრელი პუნქტები, ასევე მობილური“, – აღნიშნა გამყრელიძემ.