ცესკო – საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა – აღნიშნული საკითხით მანიპულირება, მიუღებელია

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსი, როგორც გასულ წლებში, ახლაც ხდება მანიპულაციის თემა სხვადასხვა ჩართული მხარისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ წელს, არაერთი ბერკეტი არსებობს თითოეული მონაცემის დეტალურად შესამოწმებლად და აღნიშნული საკითხით მანიპულირება, მიუღებელია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, თითოეულ შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს როგორც პროფესიული ნიშნით, ისე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა.

„აღნიშნული ადასტურებს, რომ კომისიის თითოეული წევრი, როგორც პარტიული ნიშნით დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული, დეტალურად იყო ინფორმირებული, როგორც უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობის თაობაზე, ისე იმის შესახებ, თუ რა სახის ბიულეტენი გაიცემოდა თითოეულ ამომრჩეველზე და მთლიანად ხმის დათვლის პროცესზე, რაც, შესაბამისად, სწორედ მათი ხელმოწერებით დადასტურდა კიდეც შემაჯამებელ ოქმებში“, – განაცხადა იოსელიანმა.