სალომე ზურაბიშვილი – თუ რამისთვის დავბრუნდი, არის ის, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, იქიდან დანახული შავი ზღვა

ვისაც გარეთ გააქვს, რომ ჩვენ ვართ დაყოფილი, ვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, ასუსტებს ქვეყანას და ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით, მე ამას არ დავუშვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სპორტის სასახლეში შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მმართველი გუნდის ლიდერებს და შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„აქ შეკრებილი საზოგადოება, რომელიც შეიძლება არ იყო ძალიან ჩართული ადრე პოლიტიკაში, მაგრამ შეიკრიბა ჩემს ირგვლივ, როგორც დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატის. დიდი მადლობა თქვენ. ვიცი, რომ თქვენზე შეიძლება სხვებზე უფრო მეტად იყო ზეწოლა იმ დროს, როცა გამოცხადდით, როგორც მტრები, რადგან მხარს მიჭერდით როგორც ერთი ფორმით, ისე მეორე ფორმით. მაგრამ ამას გაუძელით და გავუძლებთ ჯერ კიდევ ბევრ რამეს. მადლობა მინდა ვუთხრა პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, აქტივისტებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს ამ კამპანიის დროს, ამ ძალიან ცუდი და ზოგჯერ ბინძური კამპანიის დროს. მე ვიცი, რომ თქვენთვის, ზოგიერთი თქვენგანისთვის ალბათ არ იყო მარტივი სხვა კანდიდატისთვის დაგეჭირათ ასე აქტიურად მხარი, კანდიდატისთვის, რომელიც თქვენი პარტიის წევრი არ იყო, თქვენი პარტიიდან არ იყო გამოსული. მინდა, არამხოლოდ მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის, მაგრამ გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ბატონმა ბიძინამ და თქვენ ამისი შესრულებით, ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით ქართულ დემოკრატიაში, როცა პარტია მხოლოდ თავისთვის არ ფიქრობს, რომ ყველა ადგილს უნდა დაეუფლოს და აღიარებს, რომ ის მრავალპარტიულობა, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა ამ ქვეყნისთვის, იმ ფორმით ჯერ სამწუხაროდ არ არის დამკვიდრებული, მაგრამ ამ გზაზე მივდივართ და მგონი, ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი ამ გზაზე. მინდა, მადლობა მოგახსენოთ ბოლო დღეებისთვის და ბოლო დღეებისთვის, როცა იქნება კიდევ უფრო ძნელი და ალბათ ასევე არაპირდაპირი და არასუფთა ბრძოლა. ვიცით, როგორ მიდიან ამ ბრძოლაში ჩვენი ზოგიერთი კონკურენტები. ამ ბრძოლაში არაფერი გაგვიკვირდება და თქვენ კიდევ ნაკლებად გაგიკვირდებათ. მაგრამ გავივლით ამ დღეებსაც და გავივლით გამარჯვებით. ამაში ვარ დარწმუნებული“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი სიტყვით გამოსვლა მისთვის 99-ეა.

„მოვიარეთ რეგიონები. ერთმა კონკურენტმა დაითვალა 40 000 კილომეტრი. არ ვიცი, როგორ შეძლო. ჩვენ მოვიარეთ 14 200 და არ გავჩერებულვართ. ასე რომ, არ ვიცი, როდის დადიოდა ის. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ვიცი, რომ აქ ძალიან ბევრი არის, რომლებიც ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, რომლებიც იქ ვნახე, იქ მომისმინეს და მინდა, მოგესალმოთ, მადლობა გითხრათ ორმაგად, რადგან რეგიონებში ბრძოლა კიდევ სხვა რამ არის და მინდა, გითხრათ ის, რაც ადგილზე გითხარით, რომ ხვალინდელი საქართველო რეგიონებში შენდება. რეგიონების ამოწევის გარეშე ხვალინდელი თანამედროვე საქართველო არ იქნება, ვერ იქნება. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც სასახლიდან გავა, ჩავა რეგიონებში და თქვენთან ერთად რეგიონებში ვეცდებით, მოვნახოთ ის ახალი გზები, ის ინიციატივები, რომელიც იქნება სათავეში იმ გაცოცხლების, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის აუცილებლობა. მჯერა არამხოლოდ რეგიონების, არამედ ამ ქვეყნის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნდა.

„მე დავბრუნდი ამ ქვეყანაში, დავბრუნდი არაერთხელ, სულ ვბრუნდები ერთგვარად. ჯანრი მეძახდა ბუმერანგს. შენ რომ გაგწევენ, მაინც ბრუნდებიო. დავბრუნდი, რადგან მჯერა ამ ქვეყნის. დავბრუნდი, როცა ზოგიერთები აპირებენ წასვლას და დარწმუნებული ვარ, ამისთვის კიდევ ზედმეტ ხმებს მივიღებ. დავბრუნდი სრულყოფილად, ანუ მივატოვე საფრანგეთის მოქალაქეობა, რაც ვერ ვიტყვი, რომ იყო ძალიან მარტივი. ძალიან ბევრი მაქვს სამადლობელი არამხოლოდ პირადად მე და ოჯახს, მაგრამ რაც გაკეთდა საქართველოსთვის საფრანგეთის მიერ და კეთდება დღესაც. მე ძალიან ბევრი ახლანდელი ემიგრანტი ვიცი და ვიცი, თუ რამდენ დახმარებას იღებენ, თუნდაც ჯანდაცვის კუთხით, როცა ჩადიან ზოგიერთი არალეგალურად და მაინც იღებენ ძალიან სერიოზულ დახმარებას, რომელსაც იხდის საფრანგეთის მოქალაქეობა და ამისთვის უნდა ვიყოთ მადლობელი. მაგრამ არჩევანი, რომ დამეტოვებინა მოქალაქეობა, მივიღე სრულყოფილად, მივიღე ჩემი ნებით და მივიღე იმ დროს, როცა ძალიან ამაყი ვარ, რომ თქვენ ყველას, ვინც ხართ უცხოეთში, სხვებთან ერთად, კანონმდებელ ორგანოსთან და ჩემს კოლეგა პარლამენტარებთან ერთად, დაგიბრუნეთ საშუალება, დაიბრუნოთ საქართველოს მოქალაქეობა და აღარ დაკარგოთ. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა, რამეთუ საქართველოს არ აქვს უფლება, თუნდაც ერთი თავისი შვილი გაუშვას ხელიდან, დააკარგვინოს მოქალაქეობა. ჩვენი შვილები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, სადაც არ უნდა იყვნენ, არიან ჩვენი შვილები და ხვალინდელი ჩვენი მოქალაქეები და ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული, ადამიანური კაპიტალი, რომელიც არ შეიძლება, რომ დავკარგოთ. დავბრუნდი იმიტომ, რომ მე მაქვს მართლაც იმედი და ეს არ არის სიტყვები, იმედი, რომ ეს ქვეყნა არათუ ვითარდება, მაგრამ ისე განვითარდება, რომ ჩვენ შევეჯიბრებით ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ, ზეგ, ეს არის ჩვენი გარდაუვალი მომავალი და მე არ შეიძლება, მოვისმინო ის, გუშინ რასაც ვისმენდი და თუ მოისმინეთ, გამძლეობა თუ გქონდათ, გუშინდელი ვითომც დებატი, არ შეიძლება რომ მოვისმინო ის ნიჰილიზმი, რასაც ისინი თესავენ, რადგან ქვეყანა, რომელიც კარგავს საკუთარი თავის იმედს, ქვეყანა, რომელსაც აღარ სჯერა თავისი თავის, ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ არ შეიძლება, ვერ გამოვალთ, ის არის იქით, ეს არის აქეთ და ჩვენ ამისი ძალა აღარ გაგვაჩნია და როგორც ამბობდნენ, ყველა წავა ამ ქვეყნიდან. ყველა წავა კი არა, ყველა დაბრუნდება. ყველა დაბრუნდება იმიტომ, რომ ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ღმერთმა მისცა თითქმის ყველა რესურსი, ადამიანური ნიჭი, ბუნებრივი, არაჩვეულებრივი. შეიძლება გაზი და სხვა რამეები არ მოგვცა, მაგრამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენი ძალებით ეს ქვეყანა ავაყვავოთ, ბოლომდე დემოკრატიულ წყობაში გადავიყვანოთ, ბოლომდე გავიდეთ ამ საბჭოთა და ნეოსაბჭოთა სისტემიდან, რომელიც ზოგჯერ გვაბრუნებს უკან, რომელიც გვახრჩობს ზოგჯერ სიძულვილში და ეს არის იმ სისტემის გადმონაშთი. ეს ადამიანები, რომლებიც ამას ატარებენ, მათი ბრალი არაა, ისინი ჯერ იქ არიან, მაგრამ გადმოვლენ, გადმოვლენ იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც ქვეყნის გარეთ გააქვს ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ, მტრის საქმეს აკეთებს.

„მე დავბრუნდი და მოვდივარ, როგორც მართლაც გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. გუშინ მოვისმინე, რომ ყველა არის ამის მომხრე, ყველა არის მშვიდობიანი, ყველა იქნება სიყვარულით აღსავსე. სად იყვნენ აქამდე, სად იყვნენ, როცა ეს ქვეყნა იჩაგრებოდა, როცა ყველა ოჯახში იჩაგრებოდა, სად იყვნენ. რატომ არ იყო სიყვარული, რატომ არ იყო ერთიანობა. ერთიანობის გარეშე, ხომ ვიცით, რომ ის მთავარი მიზანი, ამ ქვეყნის გამთლიანება არ შეიძლება. ვინც სხვანაირად ამბობს, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც გააქვს გარეთ, რომ ჩვენ ვართ დაყოფილი, რომ ვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებული, ასუსტებს ქვეყანას და ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს ქვეყნის შიგნით. ამას არ დავუშვებთ. მე ამას არ დავუშვებ. მე ვიქნები გაერთიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვიქნები გამთლიანებული ქვეყნის პრეზიდენტი, მე ამის პირობას ვერ დავდებ, რადგან არ მიყვარს ტყუილი პირობები. მაგრამ მე ყველანაირად, მთელი ჩემი ძალით და თუ რამისთვის დავბრუნდი და რამისთვის ვარ აქ, არის ის, რომ სანამ კიდევ შემიძლია, სანამ ცოცხალი ვარ, ჩავიდე და ვნახო სოხუმი, შავი ზღვა იქიდან დანახული. ცხინვალში ვარ ნამყოფი 2006 წელს, ადგილობრივი არჩევნები ჩავატარე ცხინვალში და დღეს ამის საშუალება აღარ გვაქვს. რა მოხდა ამის შემდეგ, ეს არის კითხვები, რომელსაც ყოველთვის ვსვამ და ყოველთვის დავსვამ, რაც უნდა დამაბრალონ. მე მაბრალებენ რაღაც სიტყვებს მხოლოდ იმისთვის, რომ მათ საქმეები არ დავაბრალოთ. დავამთავრებ ერთი შედარებით. მე ბევრი რამ დამიწუნეს, სხვათა შორის, ენა და გამახსენდა ერთი მაგალითი, ერთი ბალტიური ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი დაბრუნდა ემიგრაციიდან, კანადიდან. როცა დაბრუნდა და აირჩეს პრეზიდენტად, დაუწუნეს ენა. მერე შეიყვანა თავისი ქვეყანა ევროკავშირში, შეიყვანა ნატო-ში, ისევ აირჩიეს და დარჩა, როგორც იმ ქვეყნის ერთი ძალიან ძლიერი პრეზიდენტი. იმედი მაქვს და ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თქვენთან ერთად ოღონდ, მარტო არ დამტოვოთ. ერთად საქართველოსთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სპორტის სასახლეში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.