დევნილთათვის ხელოვნურად შექმნილი კრიზისები და “მსუყე ლუკმად” ქცეული “სფერო”

ბოლო 23 წლის მანძილზე სხვადასხვა დონეზე მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვერ მოხერხდა დევნილთა პირობების გაუმჯობესება და მეტიც, მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებებისა, დევნილთა 50%-ზე მართლაც რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. დევნილთა პრობლემებზე საუბრობს ყველა, ზოგი პოლიტიკური ქულების დასაწერად, ზოგი კი გრანტის მისაღებად და არავინ ეითხება რჩევას იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ თავზე გადაიტანეს დევნილობის სიმძიმე, ჩახედულნი არიან საქმეში, ათასჯერ უფიქრიათ ამ საკითხზე, პრობლემის ანაკიზიც გაუკეთებიათ და გამოსავლისთვისაც მიუგნიათ.

და მაინც, რა ხდება! დევნილთა პრობლემატიკასთან დაკავშირებით ჩვენ აფხაზეთიდან დევნილს, ყოფილ საჯარო მოხელეს და ამჟამად დევნილთა საკითხებზე მომუშავე მარინა ჩაჩუას დავუკავშირდით.
– თანამედროვე საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემათა შორისაა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის პრობლემა. ამ პრობლემის არა თუ გადაწყვეტა, არამედ შერბილებაც კი ვერ მოხერხდა ამდენი წლის მანძილზე… 2008 წლის აგვისტოს ომმა კიდევ უფრო გადაავადა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერიოდი და გაართულა მისი მოგვარება.
პარალელურად, მიუხედავად ამ პერიოდში განსახლების, თუ სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის მიმართულებით მუდმივად ხორციელდება მრავალგზის ღონისძიებები, როგორც სახელისუფლებო უწყებების, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო, თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული, დონორი ორგანიზაციების მხრიდან, დევნილთა

-რატომ?

-ჩემი აზრით აუცილებელია, რომ 23 წლის თავზე მიდგომები უნდა შევცვალოთ არსებული მოცემულობის შესაბამისად, კერძოდ, დევნილთა პრობლემატიკაზე უკვე რთულია, შეუძლებელიც კი ისაუბრო ცალკე, რამეთუ ადგილობრივი მოსახლეობა სიდუხჭირით  გაუტოლდა დევნილთა მდგომარეობას, რაც გამოწვეულია ქვეყანაში  “მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების” სრულიად მოშლით და შეიძლება ითქვას არ არსებობით, არც ის განმასხვავებელი სპეციფიკა რაც იყო – უსახლკარობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ მთლიანობაში  ამ           სფეროში ძირეული რეფორმების გატარების გარეშე, ცალკე დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბარი და გატარებული ფრაგმენტული ერთჯერადი, ღონისძიებები არის დროის  და თანხის უაზრო ხარჯვა.
როგორ მოვედით აქამდე “დევნილებზე ასე მზრუნველები”, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის   70%, თუ არა მეტი,  ლამის დევნილად ვაქციეთ. ზუსტ სტატისტიკას ნამდვილათ ვერ ვფლობ და ამაზე არც ბოდიშს მოვიხდი, რადგან  ფლობს კი რომელიმე უწყება, თუმცა    სად არის “მოსახლეობის სოციალური  დაცვის და დასაქმების” მარეგულირებელი უწყება? ჯანდაცვის “დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი” თუ  “სოციალური სააგენტო”?

თქვენ, როგორც ამ საქმეში ჩახედული ყოფილი საჯარო მოხელე შეძლებთ კარგად აგვიხსნათ რა ფორმულით და რა მონაცემებზე დაყრდნობით წარმოებს უმუშევრობის დონის განსაზღვრა?

-ამ კითხვებზე სწორი პასუხიც კი ბევრ რამეს შეცვლის და ვიდრე ხელისუფლება საამისოდ მოიცლის, მოდით ვცადოთ და დავეხმაროთ   საზოგადოება, გავაერთიანოთ ჩვენი მიგნებები და   მოსაზრებები, შევქმნათ ფორმულები, მოდელები და შევთავაზოთ ხელისუფლებას, რათა გაუადვილდეთ სწორი, ღირებული, შედეგზე გათვლილი რეფორმების გატარება, ვიდრე ვინმე “გენიოსი” არ შესთავაზებს       ძვირადღირებულ, საკუთარ თავზე მორგებულ რეფორმას-რეფორმისთვის, იმის მსგავსს “სიღარიბის დაძლევის პროგრამა” რომ ქვია სახელად და 2006 წლიდან დღემდე “მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების” ნგრევას რომ ემსახურება და შესაბამისად ადამიანის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი რესურსის ნგრევას, ადამიანის ხელისუფლებაზე დამოკიდებულების სულ უფრო ზრდას, შემწეობის მომლოდინეს და სწრაფვას ამ “ბედნიერებისკენ”, რასაც ქვია “უმწეოს” სტატუსი.
არ გსმენიათ “ბედნიერი შეძახილი” – როგორც იქნა მოვხვდი სოციალურში! ესეც 21-ე  საუკუნის საქართველოს შავი ჭირი!
მე ვიწყებ პასუხგაუცემელ კითხვებზე მუშაობას და საჭიროდ ვთვლი შემოგთავაზოთ ზოგადი ანალიზი   1993-2012 წ.წ “მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში” მთლიანობაში, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილთა მიმართებაში, სადაც   უშუალო შეხებაში ვიყავი სამსახურებრივად.
საუბარი გაგვიგრძელდება, მაგრამ მოდოთ წლების მიხედვით განვიხილოთ:
1993-1994 წ.წ. კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების შედეგად, ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, მოხდა ეროვნული მეურნეობების ძირითადი დარგებიდან დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გამონთავისუფლება, რასაც მოყვა პოტენციური სამუშაო ძალის რაოდენობრივი შემცირება.
შრომითი რესურსების რაოდენობრივ შემცირებასთან ერთად გაუარესდა მისი ხარისხობრივი მაჩვენებელიც, ამას დაემატა ინტენსიური გარე მიგრაცია, დეფორმაცია განიცადა ასაკობრივ-სქესობრივმა სტრუქტურამ, პროფესიულმა და კვალიფიციურმა შემადგენლობამ, დაეცა შრომისუნარიანთა პროფესიული მობილურობის მაჩვენებელიც. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმე იყო უსახლკაროდ დარჩენილ დევნილთა ხვედრი.

1994-2002 წ.წ. სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან მოხერხდა სტაგნაციიდან გამოსვლა: შედარებით ქმედითუნარიანი ხდება შრომის, სოციალური სფეროს მარეგულირებელი უწყებები _ სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, მასთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, შრომის ინსპექცია, ფეხს იკიდებს პროფორიენტაციის და გადამზადების ცენტრები, შიგა  და შიგ მიმდინარეობს პერიოდულად რეორგანიზაცია, როტაცია, მაგრამ შედეგები ჩემი ხედვით მხოლოდ დადებითია;
ყველა სიკეთე ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რაც გამოიხატა აფხაზეთის სტრუქტურების აღდგენასა და ქმედითუნარიანობის ყველანაირ მხარდაჭერაში შესაბამისი საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან; შედეგები დევნილ კონტიგენტთან მიმართებაში:

-საგრძნობლად იწევს ფედერალურ პროგრამებში ჩართულობა;
-ხორციელდება შრომის ბაზრის, შრომითი რესურსების კვლევითი პროგრამები;

-ამოქმედდა საქართველოს პროფორიენტაციისა და გადამზადების ცენტრის აფხაზეთის ფილიალი;
-დევნილები გადიან უფასო გადამზადებას;
-იკვეთება როგორც სახელისუფლებო უწყებების, ისე კერძო დამსაქმებლების კეთილი ნება, დევნილთა ქვოტებთან მიმართებაში.
-საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება არასაბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამები, ძირითადად დევნილთა განსახლების ადგილებში (ქ. თბილისსა და რეგიონებში) და სხვ.

ამ მიმართულებით 2002 წლამდე ზრდადია როგორც რიცხობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებელი. რაც მთავარია დევნილებს თავად უჩნდებათ მოტივაცია, არ არიან პასიური მომლოდინენი, მოდიან არა მარტო თხოვნით, არამედ თავისი წინადადებებით. ეს, თავის მხრივ, ავალებს საჯარო უწყებას მაქსიმალურად ამუშაოს არსებული ბერკეტები და იყოს მუდმივ ძიებაში.
აქტიური და მოტივირებულია როგორც დამსაქმებელი, ასევე სამუშაოს მაძიებელი.
ზემოთქმულის ერთი მაგალითი _ 2002 წელს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით განხორციელდა აფხაზეთის შრომისა და დასაქმების სამინისტროსა და ქართულ-აფხაზური ორმხრივი კომისიის ერთობლივი პროექტი _ “აფახაზეთიდან იძულებით გადაადგილებული შრომისუნარიანი ასაკის პირთა სოციოლოგიური გამოკითხვა”, რომელიც ითვალისწინებდა შრომითი რესურსების კვლევას დემოგრაფიულ, ასაკობრივ, პროფესიულ ჭრილში. ნიშანდობლივია, რომ პროექტის რეალიზაციაში ინტერვიუერებად ჩართული იყვნენ დასაქმების სამსახურში რეგისტრირებული დევნილი სამუშაოს მაძიებლები (93 პირი), ანკეტირებას დაექვემდებარა 58896 აღნიშნული კატეგორია, განსახლებული ქ. თბილისში, რეგიონებში გასვლა ვერ მოესწრო სამსახურის რეორგანიზაციის გამო.
საჯარო პირები გადიან პროფესიულ გადამზადებას ადგილზე, შესაბამის ცენტრებში, მონაწილეობენ დებატებში, კონფერენციებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2003-2010 წ.წ.
ზემოთაღნიშნული და სხვა პროგრამები წყდება.

-მიზეზი?

-დაწყებული გაუთავებელი რეორგანიზაციები, უწყებათა გაერთიანება, ლიკვიდაცია, ფუნქციათა ცვლა, მასიურად კადრების დათხოვნა, მათ შორის კვალიფიციურის;
თანდათან ქრება ქვეყანაში დასაქმების პოლიტიკა, როგორც ასეთი.  კანონმდებლობიდან გაქრა ტერმინი ,,უმუშევარი”, შეწყდა დასაქმების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება/რეალიზაცია; რაც შეეხება სოციალურ სფეროს, ამ მიმართულებით ყველა არსებულ ფედერალურ პროგრამას ანაცვლებს ერთი “სიღარიბის დაძლევის პროგრამა”, შემდეგ პროგრამას სახელწოდება ეცვლება იმის გამო, რომ შინაარსი არა თუ ამართლებს სახელწოდებას, არამედ ხდება აბსოლუტურად საპირისპირო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ პროგრამის სრულ ამოქმედებამდე დოკუმენტში _ “სიღარიბის დაძლევის პროგრამაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართულობის მოსალოდნელი შედეგების სტრატეგიული ხედვა და პროგნოზირება.”
ამ ცვლილებებით მიღებული შედეგების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება, ვფიქრობთ სერიოზული კვლევის საგანია, ამჯერად ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლებით.

-უფრო გასაგები რომ იყოს, კონკრეტულად, რას აფასებთ უარყოფითად?

ჩემი მხრიდან უარყოფითად ვაფასებ:
•    შრომის ინსპექციის ლიკვიდაციას;
•    რეორგანიზაციია _ ლიკვიდაციას, რომლის დროსაც განხორციელდა სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროების შერწყმა ჯანდაცვის სამინისტროსთან, დასაქმების ფუნქციებს ჯერ თითქოს ითავსებს ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ შემდეგ ლიკვიდაციას ექვემდებარება “საქართველოს კანონი დასაქმების შესახებ.”
•    აღნიშნული და სხვა რეფორმები მწვავედ შეეხო თვითდასაქმებულებსაც, მათ მიმართ ყოველთვის გვქონდა განსაკუთრებული ფრთხილი დამოკიდებულება, ჩვენ თითქმის არ მოგვმართავდნენ დასახმარებლად, პირიქით მათგან ვიღებდით კონსულტაციებს გარკვეული სამიზნე ჯგუფების თვითუზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამების შემუშავების დროს.
2010_2012 წ.წ.
რბილად რომ ვთქვათ, _ გაუგებრობა, აბსოლუტური გაუმჭვირვალობა, საჯარო მოხელეებზე გაუგებარი წნეხი, ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, ინიციატივა – არა, საკითხების საჯარო განხილვები – არა, პრობლემატური საკითხებზე დებატები, დისკუსიები – არა!

სხვა მწვავე შეფასებებისგან თავს ვიკავებ, რათა არ გავცდე კოპეტენციას. მე ვეხები მხოლოდ იმ სფეროს, სადაც ვმუშაობდი და მიღწეული შედეგების მდგრადობის შენარჩუნებისთვის ვიყავით თავგადადებული.  ვიდრე იყო ნება, ამას ვახერხებდით, ნება ისე ილეოდა, ვერ ვგებულობდით, ვიდრე პირდაპირი აკრძალვების ფორმა არ მიიღო.   
ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე განსაკუთრებული სიმწვავით ყოველთვის იკვეთება დასაქმების პრობლემა, რომელშიც აისახება საზოგადოების თითოეული ქვესისტემის უარყოფითი სოციალური შედეგები, ვინაიდან ადამიანთა საქმიანობა, საზოგადოებრივი ცხოვრების სისტემის წარმომქმნელი პროცესია.
ჩვენს ქვეყანაში კი ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკური კრიზისისს ვერ ვუწოდებ, ეს ჩვენი შეფასებით იყო მიზანდასახული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, რომლის დროსაც არა თუ დაუსაქმებელი ადამიანის ბედზე ზრუნავდა ვინმე, არამედ ადამიანს საკუთარ თავზე ზრუნვის უფლებაც მოეჭრა, დასაქმებულ ადამიანში კი გონებრივი და შრომითი რესურსი გაიყინა (უმოქმედობა, შიშის სინდრომი) და სხვ.

ცნობილია, რომ მასობრივი უმუშევრობის დაძლევის ხელისშემშლელ პირობას, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელი სისტემა და სათანადო მოტივაციური მექანიზმის არ არსებობაც წარმოადგენს. ჩვენს შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას, ეს ყოველივე საერთოდ მოიშლა.
მოშლილია შრომის ბაზარიც, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო 14 წლის წინ. ნებისმიერი ტიპის ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია მუდმივ ცვლილება_განვითარებაში მყოფი “შრომითი რესურსების” რაოდენობასა და სტრუქტურაზე, მოსახლეობის მოთხოვნილების მასშტაბებზე და საბაზრო კონიუქტურაზე. ეს ყოველივე პრობლემებადაც აღარ განიხილებოდა, ცალკეული ინიციატივა კი არც ისმინებოდა, საკითხის კატეგორიული დაყენება ისჯებოდა, თანაც სხვადასხვა სუბიექტური მიზეზის მოსაბაბებით.

გვაქვს მწარე მაგალითი იმისა, რომ სხადასხვა უწყებების შერწყმისას პრიორიტეტების დელეგირება ისე ხორციელდებოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ჯერ არაპრიორიტეტული გახდა, უკანა პლანზე გადავიდა და შემდეგ გაქრა.

-და რა არის თქვენი აზრით გამოსავალი? ვინ უნდა გადაწყვიტოს დაგროვილი პრობლემები?

-ჩემი აზრით, შრომისა და დასაქმების სფეროში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებასა და მათი ფუნქციების სწორად განსაზღვრაზე.

რაც შეეხება 2012-2016წ.წ. ამ ეტაპზე ანალიზიგან თავს ვიკავებ, რადგან  ჩემს       კომპეტენციას სცდება დღესდღეობით, მაგრამ არის ჩემი სამუშაო თემა. თუ დაინტერესდებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ მოსაზრებებს, ამ ჯერზე მხოლოდ  ერთი წინადადებით შემოვიფარგლები – არაფერი ღირებული, ადამიანზე ორიენტირებული, მთლიანად მინდობილია “სოციალურ სააგენტოზე”, სოციალურ აგენტებზე და                გრანტებზე,  ფრაგმენტული, ერთჯერადი სოციალური პროგრამები, რაც ორიენტირებულია არა ბენეფიციართა კეთილდღეობაზე, არამედ რაც შეიძლება მეტი თანხა “მოტყდეს” ადმინისტრირებაზე, ანუ მავანთათვის “მსუყე ლუკმად” ქცეული “სფერო”, სადაც  ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩნდებიან არასამთავრობოებთან ერთად.
ასევე, სამუშაო თემაა – “სოციალური სფეროს რეფორმირების”, კერძოდ, “სიღარიბის დაძლების პროგრამის” შედეგები საქართველოში.

კომენტარის დატოვება