სალომე ზურაბიშვილი – ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა, ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს

ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს მათი გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთად ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. მე მას ავუხსენი სიტუაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყოველდღიურად თუ რამდენად დიდი წნეხია ეს დელიმიტაციის ხაზთან მყოფი საქართველოს მოსახლეობისთვის. ამავე დროს, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ. ამან ჩვენ არ შეგვაცვლევინა პოზიციები და არც მოსახლეობის მხარდამხარ არ შეცვლილა ამ გზის მიმართ, რაც ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა ჩვენი პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა. ამავე დროს გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს. 2017 წელს მან შეძლო გაწევრიანება ატლანტიკურ საბჭოში და ჩვენთან შედარებით იგი ამ კუთხით უფრო წინ წასულია. ძალიან საინტერესო იქნება ის გამოცდილება, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მათ შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი იყოს ევროკავშირის ჩართულობა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში და მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი. თუმცა, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ, შესაძლოა ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა სერიოზული ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა თუ არ იქნება ასევე გათვალისწინებული ამ ორ რეგიონთამ მიმართებით, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.