ანა ნაცვლიშვილი სააკაშვილის პატიმრობაზე – ჩემთვის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლისთვის, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა – ეს არის ველური რევანში

მე ვარ საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელმაც თავის დროზე თავის თავსა და საკუთარ ოჯახზე განიცადა ის ძალადობა და უსამართლობა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი „ველურ რევანშს“ უწოდებს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნას და აცხადებს, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა ისეთივე უსამართლოა, როგორიც წინა ხელისუფლების დროს იყოს.

„მე ვარ საზოგადოების იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელმაც თავის დროზე განიცადა საკუთარ თავზე და ოჯახზე ის ძალადობა და უსამართლობა, რაც მაშინ ხდებოდა. ჩემთვის სამართლიანობის აღდგენა იქნებოდა იმის გაკეთება, რისთვისაც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა, რომ შეექმნათ დამოუკიდებელი სასამართლო და დამოუკიდებელი პროკურატურა და ამის შემდეგ მომხდარიყო მართლმსაჯულების განხორციელება და არა კვლავ მიგვეღო მურუსიძის, ჩინჩალაძის და შოთაძის მიერ ჩაგდებული, მანტიამოსხმული კლანური სასამართლო. ეს ჩემთვის, როგორც იმდროინდელი მსხვერპლისთვის, არ არის სამართლიანობის აღდგენა. ეს არის ჩემი შეურაცხყოფა. ეს არის შეურაცხყოფა დაზარალებულებისთვის, რომლებსაც მაშინაც შეურაცხყოფას გვაყენებდა იმდროინდელი ხელისუფლება, როდესაც სამართალს გვიმრუდებდა და ამ ხელისუფლებამ ორმაგად შეურაცხყოფა მოგვაყენა, როდესაც ის ხალხი გადმოიბარა და ახლა ჩემი სახელით, მათ შორის, მანიპულირებს. ეს არის ველური რევანში. მე ამისთვის არ დამიქირავებია „ქართული ოცნება“ 2012 წელს, მე იმდროინდელ რეპრესირებულ ადამიანს ამისთვის არ მიმიცია ხმა. მე ხმა მივეცი შინაარსობრივ ცვლილებებს სამართლიანობისკენ და არა ველური რევანშისკენ.

მთავარი ფოკუსი ჩემთვის არის, როგორ იქცევა სახელმწიფო. როცა მიხეილ სააკაშვილი იყო სახელმწიფო, მაშინ ჩემი ფოკუსი იყო მიხეილ სააკაშვილი, დღეს სახელმწიფო და ხელისუფლება არის „ქართული ოცნების“ ხელში და მე ვსვამ კითხვას, რა გააკეთეს მათ ამ 9 წლის განმავლობაში? პოლიტიკურად ყველაზე მკაფიო დამარცხება სააკაშვილის „ქართული ოცნების“ მხრიდან რა იქნებოდა? რომ ზუსტად ის, რაც მან არ და ვერ გააკეთა და და ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ იყო უზარმაზარი პრობლემა და უამრავი ადამიანი გაიჭყლიტა ამ უსამართლობაში, ეს ყველაფერი დაესრულებინა და რა ვნახეთ ჩვენ? – თურმე მურუსიძე სხვას რომ ემსახურება მაშინ არის ცუდი, თორემ შენ თუ გემსახურება და შენს შავ საქმეებს თეთრი ძაფით კერავს, მაშინ კარგი ხდება ხომ? სახელების და გვარების დონეზეც კი უცვლელი დატოვეს ეს სისტემა.

მარტივად დგას დღეს საკითხი, როგორ იქცევა ხელისუფლება? – ის იქცევა როგორც პრეისტორიული ხანის ველური, შურისძიების მანტიაში გახვეული. ამას სამართლიანობასთან არ აქვს შეხება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.