თორნიკე რიჟვაძე – ძალიან მძიმე შემთხვევაა, ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან, ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს, თუმცა ჯერ ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან. ამიტომ მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ გადარჩნენ იქ მყოფი ადამიანები. ვერსიებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვისაუბრებთ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა – როგორც სამაშველო ღონისძიებების გატარება, ასევე კონტაქტია იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ახლა მთავარია, ვუშველოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.