ეკატერინე ტიკარაძე – ეპიდვითარება არის საყურადღებო, აცრების რიცხვი დაკლებულია, რაც სამწუხაროა

ეპიდვითარება არის საყურადღებო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის მომატებული, რაც ეტაპობრივად აისახება ნატურალურ რიცხვებში ვირუსის გავრცელებაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის ტემპმა იკლო, რაც არის სამწუხარო.

„აცრის რიცხვი არის დაკლებული, რაც არის სამწუხარო. ჩვენ სახეზე გვაქვს მასშტაბური კლება. გვაქვს დამატებით საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით გუბერნატორები, მერები და მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობების, ვინაიდან სამინისტრო თავისი არსებული რესურსით იმ საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდის რეგიონებს. ჩვენ მათ მივაწვდით დღეს ინფორმაციას თითოეული რეგიონის ჭრილში და ასევე სოფლის დონეზე, თუ სად არის კრიტიკული მდგომარეობა ვაქცინირებული მოქალაქეების. შემდეგ უკვე, მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს ყველა ის საველე სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოიმატებს ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.