ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით – მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი

“ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით,” – ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროდან ეხმიანება და ბათუმელებს სოლიდარობას უცხადებს. მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მისმა უფლებამდაცველმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან, პირდაპირ ეთერში წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი წერილში ასევე, სამეგრელოს შესახებ საუბრობს, სადაც “ქართული ოცნება” ხმების გაყალბებას ცდილობს. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის მთავარ მიზანს, სწორედ სამეგრელო წარმოადგენს.

,,ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონის, არის სამეგრელო. ის უკანონობა რომელსაც სჩადიან ახლა ზუგდიდში და აპირებენ სენაკშიც და სხვაგან, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში ის, რომ პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ამას ჩვენ აღარ დავუშვებთ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.