აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ საგარეო უწყება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს. სოლიდარობას გამოვხატავთ მეგობრული საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული. ხუთი ცხედარი მაშველებმა სამძებრო-სამუშაოების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ნანგრევებიდან გუშინ გვიან ღამით ამოყვანილი ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ბათუმში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.