5-დან 9 წლამდე და 10-დან 12 წლამდე – ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია გამკაცრდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის დადგენილი სანქციის გამკაცრება ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სანქცია იმატებს დასახელებული ნივთიერებების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღებისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება შვიდიდან თოთხმეტი წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი განსაზღვრულია თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ალექსანდრე დარახველიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაიმიჯნება ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებებთან მიმართებაში შეძენა/შენახვის შემადგენლობა და გასაღების მიმართულება.

შესაბამისად:

• ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 6 წლამდე;

• ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4 წლამდე;

• აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღება – თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 12 წლამდე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენს ნარკოგამსაღებლებთან აქტიური ბრძოლა და მათ წინააღმდეგ საკანონმდებლო მიდგომების გამკაცრება.

კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.