კაცს, რომელმაც ცოლი შვილების თვალწინ მოკლა, 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გარდაცვლილი გოგოს დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქმედების განხორციელებისას კაცი შეზღუდული შერაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, როინ მებონია  გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში და შემდეგ გააგრძელებს სასჯელის მოხდას.

შეგახსენებთ, 21 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში როინ მებონიამ მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა. 27 წლის სოფო კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს.