კახა კუჭავა – ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მალე გვექნება საშუალება, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კითხვას უპასუხონ

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება რაღაც ეტაპზე მივა, დეპუტატებს ექნებათ საშუალება საკანონმდებლო ორგანოში კითხვები დაუსვან შესაბამის პირებს.

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კითხვის საპასუხოდ, რატომ არ არიან დაბარებულნი გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხზე პარლამენტში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, კუჭავამ განაცხადა, რომ დეპუტებს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კითხვების დასმის საშუალება მალე ექნებათ.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი არის „კრებსებზე“, თხრობითი ფორმით არის ტექსტი წარმოდგენილი. თვითონ ახსენით ხომ?! სხვა სახელმწიფო შეიძლება გვისმენდესო, თუ ვინ შეიძლება გვისმენდეს. კანონიერად შეიძლება გვისმენდეს თუ უკანონოდ, ჩვენ აქ ვერ დავადგენთ ამას. სულ მცირე რაღაც ეტაპზე თუ მაინც არ მივიდა გამოძიება, რომლის საფუძველზეც ყველა კითხვას, რაც გვექნება, გაეცემა პასუხი აქ. გარანტიას გაძლევთ, ამის საშუალება გვექნება მალე, რომ ყველა კითხვა, რაც გაგაჩნიათ დაისვას და შესაბამისმა უწყებებმა გაგცეთ პასუხი“, – განაცხადა კუჭავამ მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ.