ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილსა და ირაკლი ფირცხალავაზე: შიმშილობა მათი კონსტიტუციური უფლებაა – შეუძლიათ, იშიმშილონ, შეუძლიათ, ჭამონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტს, ისევე, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი ფირცხალავას, აქვთ კონსტიტუციური უფლება, იშიმშილონ, თუმცა, უპრეცედენტოა, როცა შიმშილობას მოთხოვნის გარეშე იწყებ.

„გაუგებარია შიმშილობა, როდესაც მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშილობა ისე, რომ არანაირი მოთხოვნა არ აქვს. ეს უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიო ისტორიაშიც. საქართველოში შიმშილობების 35-წლიანი ისტორია მახსოვს, არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები. მათ ჩვენზე უკეთაც კი იციან, თუ რა მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. შიმშილობა მათი კონსტიტუციური უფლებაა – შეუძლიათ, იშიმშილონ, შეუძლიათ, ჭამონ, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.