ლარმა ისტორიულ ვარდნას მიაღწია, პრემიერის შეფასებით “არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება“

სებ-მა ლარის ოფიციალური კურსი დაადგინა, ხვალიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2. 5026 ლარი იქნება, დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4852 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მკვეთრად გაუფასურდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ფასი 2.6505 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.6259 ლარს შეადგენდა.

პრემიერობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურების მხრივ არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება. ის ლარის ასეთ მკვერთრ გაუფასურებას ხსნის იმით, რომ გაზრდილი იმპორტი ექსპორტის ზრდით ვერ დაბალანსდა,

-„ლარის მსყიდველუნარიანობა დოლართან მიმართებაში კურსით არ განისაზღვრება. ლარის მსყიდვეუნარიანობა ინფლაციის მაჩვენებლით განისაზღვრება. მეორე საკითხია, რომ ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისათვის, დოლარიზაციის მაღალი დონიდან და იქედან გამომდინარე, რომ საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი, დოლარიზებულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის არის ის, რომ დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია. არის დოლარის გამყარების ტენდენცია. რა თქმა უნდა, მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება – თემა ახალი ამბებიდან არ ჩამოდის და ხელოვნური ხელშეწყობა ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი მხოლოდ ოპონენტებს დავდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველა ჩვენგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს, მისი გადაჭრის მიმართულებით” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება