ანა დოლიძე – კოალიციების ფორმირება უფრო სწორია შედეგის შემდეგ, არც ერთ მხარეს არ დავუჭერთ მხარს, ჩვენი პარტია დამოუკიდებლობას ძალიან უფრთხილდება

ხალხმა მხარი დაგვიჭირა დამოუკიდებლობისთვის, რასაც ვუფრთხილდებით. გადავწყვიტეთ, რომ როგორც პარტია, მხარს არ დავუჭერთ არც ერთ მხარეს, შესაბამისად, არც ვიხილავთ ვინმეს კოალიციის შემადგენლობაში, – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიციების ფორმირება უფრო სწორია შედეგის შემდეგ და არა შედეგებამდე.

„პარტია ხალხისთვის“ ძალიან უფრთხილდება საკუთარ დამოუკიდებლობას, სწორედ ამის გამო დაგვიჭირა მხარი ხალხმა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ როგორც პარტია, მხარს არ დავუჭერთ არც ერთ მხარეს, შესაბამისად, არც ვიხილავთ ვინმეს კოალიციის შემადგენლობაში. მით უფრო, რომ კოალიციების ფორმირება ყოველთვის უფრო სწორია შედეგის შემდეგ და არა შედეგამდე, ეს არ ტოვებს ამომრჩეველზე სწორ სიგნალს.

რაც შეეხება საკრებულოში მუშაობას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ გვქონდა დეტალური პროგრამა „ქალაქი ხალხისთვის“. სწორედ ამ პროგრამის დანერგვას დავიწყებთ ჩვენს საკრებულოში, ვინც დაუჭერს მხარს, იმ მხარდაჭერას ჩვენ მივიღებთ და ამის ფარგლებში, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ძალასთან. დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ნეიტრალურები და კონცეტრირებული ჩვენს დღის წესრიგზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.