ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიასა და ლევან რაჯაევს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული, თუმცა ბრალდებული ბექა ლატარია სხდომიდან გააძევეს. მან პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც პროკურორი შუამდგომლობას აყენებდა და აცხადებდა, რომ ლატარიას დაკავების დროს ნარკოტიკები აღმოაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს.