სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ უკვე შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ გრიპის საწინააღმდეგო ოთხ ვალენტიანი ვაქცინის 200 ათასი დოზა შეისყიდა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

„ეს ჯგუფებია: ორსულები, დიალიზზე მყოფი ადამიანები, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამცრელ პუნქტს მიმართავს. ყველა ამ კატეგორიისთვის დღეიდან უკვე შესაძლებელია, მიმართონ ვაქცინაციის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია. ამცრელი პუნქტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო არის ოქტომბერი.