რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი – ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა

თბილისში, გოგოელიას სახელობის კლინიკაში, მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად სავარაუდოდ, C ვიტამინი გაუკეთეს. საუბარია დაახლოებით 35 ადამიანზე.

როგორც რეგულირების სააგენტოს  ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა. ექიმი კი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ. ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერტიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც ჰქონდა.

„აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე. მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატი და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას,” – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.