საღეჭი რეზინი, უცნაური გამომეტყველება და გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული – გია ვოლსკი

საღეჭი რეზინი, ცოტა უცნაური გამომეტყველება და რაღაც გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანს რაიმე სიკეთე აქვს ჩაფიქრებული, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გატაცებაზე საუბრობს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ვიდეოს ნახვისას ძალიან ცუდი და მძიმე შთაბეჭდილება დარჩა.

„ადამიანი ცუდ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდება, რაღაც გეგმებს ალაგებს და თავი მართლა ჯორჯ ვაშინგტონი ჰგონია… მეორეს მხრივ, დავინახე შეიძლება გულუბრყვილო, მაგრამ მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ ვითომ ვიღაცამ გაიტაცა, წამოეწია ეს თემა, შეექმნა პანიკა და სკანდალი, თუკი გეგმა A ან B არ იმუშავებდა. ფაქტია, რომ ადამიანი რაღაც გეგმებს ალაგებდა და არც ერთი გეგმა არ უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარებულიყო და ამას თავად ჩადგომოდა სათავეში. რასაკვირველია, ამოცანა დესტრუქცია და დესტაბილიზაცია. ამ ამოცანის გამოხატულება იყო ჩანაწერი, რაც ჩვენ ვიხილეთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.