ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, “ხელისუფლებას” ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში” – სააკაშვილი

სახელისუფლებო მედიით გავრცელებულ ვიდეოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილის კომენტარი მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

,,ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?”, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, სატვირთო მანქანის მისაბმელშია გადაღებული. როგორც „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ექსპრეზიდენტს რამდენიმე სხვა სცენართან ერთად წინასწარ ჰქონდა მომზადებული საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, ის, თავისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაღებულ ვიდეომასალაში საუბრობს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.