ადვოკატი – ხელისუფლება სააკაშვილს წირავს, მის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს და საკითხის გარშემო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ ღამე მესამე პრეზიდენტის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა.

„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დღის წესრიგში დადგება სამედიცინო სერვისის გაწევა“, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.

ადვოკატმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებთაც და აღნიშნა, რომ მისი გამოხმაურებები სააკაშვილთან მიმართებაში ცხადყოფს, რომ საკითხის გარშემო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება.

„მოვისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის და სააკაშვილი გადავა მე-18 დაწესებულებაში. ჯერ ერთი პრემიერს ვინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოხდება სამკურნალოდ სააკაშვილის გადაყვანა და მერე მეორე უდაო უკვე, რომ გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, სად იქნება უკეთესად შესაძლებელი მკურნალობა, არა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ხელისუფლება წირავს სააკაშვილს, მის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს. ნიშანდობლივია, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კომისია და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ფაქტია რომ კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ამის შემდეგ კონსილიუმის წევრი ტოვებს შემადგენლობას. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზად ის რას დაასახელებს, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება თუ რაშია საქმე და რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება“ , – განაცხადა საძაგლიშვილმა.