გიგა ბოკერია – როცა პრემიერი ასე საუბრობს პოლიტიკურ ოპონენტზე, ეს დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის

მთავარი საკითხი არის დემონსტრირება ამ კატასტროფული სასოწარკვეთის, ძალაუფლების შენაჩუნებისთვის ნებისმიერი რამის კადრების და ნებისმიერი სიტყვის თქმის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, რომ „კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს“.

„ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე.

დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ხელისუფლება საფრთხეა არა მხოლოდ სააკაშვილისთვის და არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის ან ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ ყველასთვის“,- განაცხადა ბოკერიამ.