ირაკლი კობახიძე: სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, სააკაშვილი სხვა ლოკაციაზე გადაეყვანა, რასაც „ნაცმოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სუსის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ბოროტი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია, ქვეყანაში არეულობა და ქაოსი შექმნას. სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის თითოეულ თანამშრომელს ამ გეგმის დროული გამოვლენისა და დროული რეაგირებისთვის. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, სააკაშვილი სხვა ლოკაციაზე გადაეყვანა, რასაც „ნაცმოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.