ირაკლი კობახიძე: ხვალ ხალხმა მარტივი არჩევენი უნდა გააკეთოს, ურჩევნიათ სააკაშვილის დღის წესრიგი – არეულობა თუ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი – მშვიდობა და განვითარება

2012 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობამ“ ოპოზიციაში გადაინაცვლა, ისინი მუდმივად საუბრობენ რევოლუციებზე და ამბოხებებზე, გვესმის მუდმივი რიტორიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. სუსმა გაასაჯაროვა 2-საათიანი აუდიომტკიცებულების ფრაგმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი და რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოიპოვა.

„საჯაროდაც დღეს ახალი არაფერი მოგვისმენია. უბრალოდ დღეს მოვისმინეთ საუბარი სისხლზე, ადამიანების დაზიანებაზე. ამაზე პასუხს გაგცემენ უწყებები, იურიდიული შეფასება მათი საქმეა“, -აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილისაგან და მისი კონკრეტული მხარდამჭერებისგან ჩვენ გვესმის ღია რიტორიკა რევოლუციებთან და აჯანყებებთან დაკავშირებით. „ესაა დამატებითი ინფორმაცია რაც მივიღეთ. ესაა მათი ღია და გაცხადებული რიტორიკა. ისინი მუდმივად საუბრობენ არეულობაზე, რევოლუციაზე. ესაა მათი დღის წესრიგი. ხვალ ხალხმა მარტივი არჩევენი უნდა გააკეთოს, ურჩევნიათ სააკაშვილის დღის წესრიგი, არეულობა თუ ურჩევნიათ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, ესაა მშვიდობა და განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.