კახა კალაძე: ადამიანურ სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ღირსეულად ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს

პირველ რიგში. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, მეხმარებოდა, გვერდით მედგა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებით დაგვესრულებინა საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით დედაქალაქის მერობა.

„ძალიან კარგად ვიცი არსებული გამოწვევები, პრობლემები, თუ რა აწუხებს თბილისს და ის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გამოსწორდეს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვას, სოციალურ მიმართლებას და ის, რაზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდი, ყველა პროექტები განხორციელდება. დღეს ამ ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს. ადამიანურ სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ღირსეულად ვემსახურო თბილისსა და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.