მანიპულაციებით მიტაცებული პარტია სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმი ვერ იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. ამ დღეს ანდრო ბარნოვი მცირე კომენტარით ეხმიანება:

-„როგორც ვიცი, ემნ პოლიტსაბჭომდე 2-3 დღე დარჩა. პარტიის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ ამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ყრილობა. მე იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს, თუმცა ამას მაინც დავწერ..

რა არგუმენტით შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პარტიის ხელმძღვანელობა მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას, თუარა – შიშის გამო საკუთარი წევრებისა და აქტივისტების მიმართ? ხომ ცხადია, რომ თუ პარტიის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ლიდერი და წევრთა დიდი ნაწილი ფართო შემადგენლობის ყრილობის მოწვევას ითხოვს, ლეგიტიმური კონტრარგუმენტი აქ არ არსებობს.

მგონი, ისიც ყველას ესმის, რომ თამაშის პატიოსანი წესების გარეშე პარტია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ, ვინც მანიპულაციებით ცდილობს მიზნის მიღწევას, ის უბრალოდ ხელს კი არ უწყობს პარტიის დაშლას, არამედ – საკუთარი ხელით შლის მას.

ახლა აზრი არ აქვს ვრცელი პროგნოზების წერას, თუმცა ცხადია, რომ მცირე ყრილობის მოწვევით პროცესი არ დასრულდება. ცხადია ისიც, რომ დიდმა ყრილობამ შეიძლება ახალი სიცოცხლე შესძინოს პარტიას. პროცესის ბოლო არც ესაა, თუმცა განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ალბათ, ცხადია ისიც, რომ მანიპულაციებით მიტაცებული პარტია სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმი ვერ იქნება. ამიტომ, ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ვინც ამ გზით სიარულს აპირებს, მას მხოლოდ პარტიის გაყოფა კი არა, არამედ – ბუტაფორიად ქცევა და რეალური გაუქმება უნდა. რატომ – დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

დაბოლოს, საღ აზრს მხარდამჭერთა შეჩვენება ვერ შეაჩერებს. დახვრეტაა საჭირო“

კომენტარის დატოვება