გურამ მაჭარაშვილი – ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პარტია იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, ესენი პირიქით აკეთებენ – იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ

ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია კანონიერად იბრძვის იმისთვის, რომ მოხვდეს პარლამენტში, ესენი პირიქით აკეთებენ – იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” გადაწყვეტილებას პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შესახებ.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის ამ ნაწილს საზოგადოება სწორედ მათი არასწორი გადაწყვეტილების გამო არ უჭერს მხარს.

“ასეთი არასწორი, უკუღმა კეთების პრინციპის გამო მათ საზოგადოება მხარს არ უჭერს. არჩევნების შედეგების მიხედვით ისინი არიან დამარცხებულები და აქვთ განცდა, რომ როგორმე ქუჩის აქციებით ყურადღება მიიქციონ. ამ ყველაფერს არ ექნება ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან და არც აქვს, არ აქვს არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ქვეყანაში შეიცვალა დღის წესრიგი უკვე, მას შემდგომ რაც წელიწადში 3-ჯერ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობამ, რომ “ქართულ ოცნებას” ეკისრება პასუხისმგებლობა მომავალი წლების განმავლობაში, 2024 წლამდე მართოს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და ბუნებრივია, ჩვენ ვიქცევით საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.